ამერიკამ საქართველოში გარკვეულ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის ამოქმედების შესახებ ვაშინგტონმა თბილისს 6 ივნისის ღამეს აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, შტატებში შესვლის აკრძალვა “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებს და კერძო პირებს დაუწესდათ. მათ შორის, ინდივიდებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც, დეპარტამენტის შეფასებით, პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. საუბარი სულ 20-იდან 30-მდე პირზეა, რომელთა ვინაობის გასაჯაროებაზე უარის თქმის მოტივად სავიზო მონაცემების კონფიდენციალურობა სახელდება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა ბრიფინგები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები შტატების პოზიციას ლოგიკურს უწოდებენ და მოლოდინი აქვთ, რომ პარტნიორების მხრიდან, შესაძლოა, უფრო მკაცრი რეაგირებაც იყოს და სანქციების მექანიზმიც შეიცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მიერ დაწესებული შეზღუდვები წერტილოვანია, ოპოზიციის ნაწილში ირწმუნებიან, რომ მას, ზოგადად, ყველაფერზე ექნება გავლენა. ხელისუფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ შტატების შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღონ.

სავიზო შეზღუდვები დაწესებულია, თუმცა ბუნდოვანია ის, თუ ვის ეხება ეს სანქციები. სამიზნე პირთა წრე არ საჯაროვდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი