წვიმა, თოვლი, ზვავსაშიშროება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28-30 მ/წმ-დე.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი