2 კვირაში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ აიღებს სტარტს. მანამდე კი ორგანიზატორებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალის გეგმები და განახლებული ინფრასტრუქტურა ჟურნალისტებს გააცნეს.
წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობასთან ერთად, ყველაზე მეტი ,,ივენთის” ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებელს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპრტული შეჯიბრებებით შეეძლება. წლევანდელ „Gem-fest“-ზე ათი სცენა განთავსდება, სადაც 500-მდე მსოფილიოში ცნობილი არტისტი დაუკრავს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის ორგანიზატორმა და დამფუძვნებელმა გიორგი სიგუამ გააცნო.
საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ხელისუფლება 800 ათას ლარს ხარჯავს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაობზე ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ მიაწოდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს, რეაბილიტირდა ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
ანაკლიასა და განმუხურში წინასაფესტივალო სამზადისია, როგორც ფესტივალის ტერიტორიაზე ასევე კერძო სექტორში. ბოლო მონაცემებით, ანაკლიასა და განმუხურში, არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში უკვე დაჯავშნილია 20 ათასზე მეტი ადგილი. პარალელურად მიმდინარეობს კარვების ქალაქის მშენებლობა, რომელიც წელს ბევრად კონფორტული იქნება. „Gem-fest“-ის ტერიტორიაზე 2500-ზე მეტი ახალი კარავი განთავსდება, სადაც 10 000 დამსვენებელი დაბინავდება.
ჟურნალისტებმა ახლადაშენებული და მშენებარე სასტუმროებიც დაათვალიერეს. ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა მაღალი კლასის კოტეჯების მშენებლობა, ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ინდოელი ინვესტორების 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები.
საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem-fest“ პირველად 2015 წელს ჩატარდა, გასულ წელს ფესტივალს 35 ათასამდე ვიზიტორი ყავდა, წელს კი ორგანიზატორები ვიზიტორების გაორმაგებულ ოდენობას ელოდებიან. ანაკლია-განმუხურის სანაპირო, წელს ფესტივალს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.