დილიდან სამზადისია ანაკლიაში სადაც, დღეს 5 დღიანი, პირველი ბიზნეს ფესტივალი ანაკლიობა გაიხსნება. გახსნის ცერემონალი ანაკლიის ცენტრალურ ბულვარში 17 საათზე დაიწყება.
ფესტივალი USAID-ის პროექტი Zrda-ს მხარდაჭერით და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ორგანიზებით ტარდება.
ფესტივალის გახსნას დიპლომატიური მისიების, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობაც.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანაკლიის ფესტივალი მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების და შემოსავლების გაზრდას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის და ამავდროულად, სასიამოვნო განწყობას შეუქმნის ყველა მონაწილეს. ფესტივალის ფარგლებში, სტუმრები შეხვდებიან საოჯახო სასტუმროების მფლობელებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც USAID-ის Zrda პროექტი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ეხმარება ტურიზმის განვითარების კუთხით.
ფესტივალის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს 50-მდე კომპანია საკუთარ პროდუტსა და მომსახურებას შესთავაზებს. სტუმართაგან ბევრი რეგიონს საერთაშორისო დონეზე აღიარებული, ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, „GemFest 2017“-ზე დასწრების სურვილით ეწვევა. რომელიც წელს ათი ათასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.
მათივე ცნობით, ანაკლიის სასტუმრო „თეთრი სახლი“ ერთ-ერთია იქ არსებული 200-მდე საოჯახო სასტუმროდან, რომელიც დარეგისტრირებულია Booking.com-ზე და მისი გაყიდვების 70% სწორედ ელექტრონულად წარმოებს. ზუგდიდში არსებული რესტორანი „მენძელი“ ერთ-ერთია იმ 15 ადგილობრივი რესტორნიდან და კაფედან, რომლებიც დარეგისტრირდნენ TripAdvisor-ზე, რის შედეგადაც მათი გაყიდვები 40%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 50%-ით გაიზარდა გაყიდვები მარტვილის მარანში „ოდა“ მას შემდეგ, რაც Zrda პროექტმა ორგანიზება გაუკეთა საინფორმაციო ტურს საქართველოს 16 წამყვანი ტუროპერატორისთვის, რომლის მიზანიც იყო რეგიონის ღირშესანიშნაობების შეტანა მათ ტურისტულ პაკეტებში.