„ანაკლიის კონსორციუმი“ და მთავარი უცხოელი ინვესტორი საქართველოსგან 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და მთავარი უცხოელი ინვესტორი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელით დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორიცუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონსორციუმმა და ADC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც დაფუძნდა ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის, შედგება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან. ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC). ბობ მეიერმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს ინვესტირებას, სარჩელი შეიტანა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. მთავრობისა და მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ ორწლიანი კამპანიის შემდეგ, დაებრკოლებინა ADC-ის ძალისხმევა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, 2020 წლის იანვარში, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, ADC-ისა და მის ინვესტორებს სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები და მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.

მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს პროექტი და მისი აქციონერები, როგორც საჯარო, ასევე კერძო შეხვედრებში, განუცხადეს პოტენციურ ინვესტორებსა და დამფინანსებლებს, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში, რაც ნათელი დადასტურება იყო აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომ პროექტს არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. მთავრობის აგრესიულმა კამპანიამ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ADC-ისა და მის ინვესტორებს მიაყენა დიდი ოდენობის ზიანი. მთავრობისა და „ქართული ოცნების“ უკანონო და არაეთიკურ ქმედებებს შორის, აღსანიშნავია უსაფუძვლო გამოძიების დაწყება ფულის გათეთრების ბრალდებით, წარმატებული ქართველი ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც პროექტის მთავარი ინვესტორები არიან. აღნიშნული ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა, ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი, აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისთვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა და ასევე, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, ფულის გათეთრების საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ბრალდებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ სრულიად უსაფუძვლოა”, – აღნიშნულია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი