„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შესაძლოა მთავრობისგან ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვოს

საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის მოლაპარაკებების ფონზე, კონსორციუმმა შესაძლოა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება ითხოვოს.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ვადის გახანგრძლივების თხოვნა, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კონსორციუმს ეს საკითხი ოფიციალურად ჯერ არ დაუყენებია, თუმცა შესაძლოა, ასე მოხდეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„უნდა ვადევნოთ თვალყური ამ პროცესს ბანკებსა და მთავრობას შორის. როგორც კი რაღაც წინსვლა იქნება, თუ გარდატეხა მოხდება, თუნდაც მცირედი, რა თქმა უნდა, ამ საკითხს დაუყოვნებლივ დავაყენებთ“, – აღნიშნა კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

მოქმედი ხელშეკრულებით, კონსორციუმმა ანაკლიის პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები ივნისის ბოლომდე უნდა მოიძიოს. ამასთან, ხელშეკრულების ვადა უკვე ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად, 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ კი – 2019 წლის 30 ივნისამდე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი