ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას თამარ ალავიძე შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიზნეს მედია საქართველო” ავრცელებს, რომელსაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროც ადასტურებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო მთავრობის 2017 წლის მარტში გამოცემული დადგენილებით შეიქმნა. მისი მიზანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი.
სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ასევე ინვესტორისგან; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი საქმიანობის მიზნებისთვის, განახორციელოს ნავსადგურის ან/და ნავსადგურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება; მოითხოვოს ინვესტორისგან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი სიპი-ია, რომლის დირექტორს თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს.