ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა მზადაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმის მომზადება დაასრულა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, გენერალურ გეგმას ამ ეტაპზე ანაკლიის სამთავრობო კომისია განიხილავს.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენერალური გეგმა პორტის 9-ვე ეტაპის განვითარებას მიმოიხილავს. იგი მოიცავს პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასებას, ტვირთბრუნვის გათვლებს, განვითარების ფაზებს და საინვესტიციო მოცულობას.

ანაკლიის ნავსადგურის გენერალური გეგმა კონცენტრირდება ინოვაციურ საინჟინრო ტექნოლოგიებზე, ხარჯების დაზოგვასა და პორტის ეფექტურობაზე. იგი რეგიონული და საერთაშორისო საპორტო სექტორისთვის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს.

გენერალურ გეგმაზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კონსულტანტ ჰოლანდიურ კომპანია Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად მუშაობდა. დოკუმენტი საბოლოოდ ანაკლიის სამთავრობო კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

გენერალურ გეგმაზე მუშაობის პარალელურად,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მთავრობას წარუდგინა 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის ფარგლებშიც კონსორციუმმა ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე დაიწყო და განახორციელა წინასამშენებლო საინჟინრო და ჰიდრო-საინჟინრო სამუშაოები; დაასრულა პორტის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების“ დოკუმენტის მომზადებისთვის საჭირო კვლევების ნაწილი; ანაკლიის ეკონომიკური და სოციალური გარემოს შესწავლა. საერთაშორისო კომპანიებთან და კონტრაქტორებთან ერთად (Van Oord, Moffatt & Nichol, Royal HaskoningHDV, Ecoline International) ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიაში განხორციელებული აქვს შემდეგი სამუშაოები:

პორტის სრული საზღვაო აკვატორიის ზღვის ფსკერის შესწავლა და სხვადასხვა სანავიგაციო ტერიტორიების კვლევა

გეოტექნიკური სამუშაოები სახმელეთო და წყალქვეშა ნიადაგის გამოსაკვლევად

ტალღებისა და ქარის სიმძლავრის, სიჩქარისა და სიმაღლის შესწავლა

ტოპოგრაფიული სამუშაოები, რომელმაც მოიცვა მთლიანი საპორტო ტერიტორიის რელიეფური შესწავლა

სედიმენტაცია – წყალში ქვიშის მოცულობის შესწავლა

ნიადაგისა და წყლის ეკოლოგიური კვლევა

ზღვის ძუძუმწოვრების შესწავლა

ზღვის ფსკერის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი (ფლორისა და ფაუნის კვლევა)

ორნიტოლოგიური კვლევა

სახმელეთო ნაწილის ფლორისა და ფაუნის კვლევა

მიწისქვეშა წყლების კვლევა

ანაკლიისა და მიმდებარე დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური კვლევა”, – ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2017 წლის მეორე ნახევრიდან გეგმავს. ნავსადგურის გახსნა და პირველი ფაზის ამუშავება 2020 წელს იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი