ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 20 დეკემებერს დაიწყება

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ შეხვედრისას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს. „ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია და მასზე მუშაობით დაიწყო ახალი რეალობის შექმნა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები შარშან დავიწყეთ და პირობა დავდეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში უშუალო მშენებლობის პროცესს დავიწყებდით. ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო, ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე, დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა. ახლა კი პროექტის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

მასთან ერთად პორტის პროექტის სამუშაოები შეაჯამეს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი