21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე – ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც პორტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა, აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და დასაწყისი ძალიან დიდი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანაში მოხდება.
“უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, მიიღოს ყველაზე დიდი გემები და, აქედან გამომდინარე, ფეხი აუწყოს საკონტეინერო თუ სხვა გადაზიდვების იმ მზარდ დინამიკას, რომელსაც რეგიონში აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ეს პორტი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მცხოვრებლებს, სრულიად სხვა შესაძლებლობები გაიჩინონ საკუთარი ბიზნესისთვის, წამოიწყონ სრულიად ახალი საქმე. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდეგ, დღეს ძნელიც კია, გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელსაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რეალობა, აქ არაფერია გადაჭარბებული. ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება უდიდესი დინამიკა, რომელიც გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ლოგისტიკური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან დ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.