შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
“15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება – უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მლნ ოდენობით კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულებაა, წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მლნ დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომელიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში საქართველოს მთავრობისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ჩამოთვლილი შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას.
„ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან, კონსორციუმის მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იწურება 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ, დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს გაცნობოთ ამ ვალდებულებების შესრულების ვადების თაობაზე“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მთავრობისთვის სავალდებულო დოკუმენტის წარდგენის ვადა დღეს ეწურება.