ანაკლიის პოლიციის უფროსის ავტომობილი ანაკლიაში 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. საჭეს თავად პაპუნა დიდიშვილი მართავდა. აღნიშნული ფაქტი “newsportal.ge”-ს შსს-ში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.
ახალგაზრდა ქალბატონი ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი, ოჯახის მოთხოვნით, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სავადმყოფოში მიყვანისას პაციენტს მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის: სსკ-ის 276-ე მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს ამ მუხლის პირველი ნაწილი კი ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.