ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ადრეულ საზღვაო სამუშაოებს მსოფლიოში წამყვანი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი განახორციელებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ახალ ეტაპზე. გადადის. 2018 წლის აგვისტოში ანაკლიაში ადრეული საზღვაო სამუშაოები იწყება. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გამოავლინა გამარჯვებული საერთაშორისო ტენდერში, რომელიც ადრეული საზღვაო სამუშაოების განხორციელების თაობაზე მიმდინარეობდა. რთული შერჩევითი ეტაპის შემდეგ გამარჯვებულად კომპანია “Van Oord”- ი დასახელდა.

ჰოლანდიური საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია „Van Oord“-ი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე საზღვაო და ჰიდრო-საინჟინრო მიმართულებით პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაზე მუშაობს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა: დუბაის „პალმების კუნძული“, როტერდამის პორტის გაფართოება, სუეცის მეორე არხის აშენება, უდიდესი მილსადენებისა და სხვადასხვა საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა. კომპანია „Van Oord”-მა ასევე განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასამშენებლო კვლევითი სამუშოები.

„ეს ისტორიული მომენტია, რადგან მსგავსი ტიპის საზღვაო სამუშაოები თავისი მოცულობით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. მოხარული ვართ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია უერთდება“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამშენებლო გუნდის დირექტორმა რონი სოლბერგმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ადრეული საზღვაო სამუშაოების ფარგლებში, ანაკლიის საზღვაო აკვატორიაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გემი შემოვა, რომელსაც დაღრმავებისა და რეკლამაციის სამუშაოებისთვის იყენებენ. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ზღვიდან 5 მილიონ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება და ფსკერის დაღრმავება. გემი “ათენა“, რომელიც ანაკლიაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შემოვა და აღნიშნულ სამუშაოებს განახორციელებს, Van-Oord მფლობელობაშია.

„ანაკლიის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ეფექტურად დააკავშირებს კავკასიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას, განვითარდება, როგორც რეგიონული ვაჭრობის და ლოგისტიკური ჰაბი. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით ამ პროექტში. სამშენებლო სამუშაოებისთვის ანაკლიაში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა შემოგვაქვს რათა მსგავსი მასშტაბის სამუშაო მოცემულ დროსა და მაღალ ხარისხში შესრულდეს”, – განაცხადა კომპანია „Van Oord”- ის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასკვნით ეტაპზეა ნავსადგურის ადრეული სახმელეთო სამუშაოები. მათ ფარგლებში აშენდა 2.5 კმ-მდე სამელიორაციო არხი, მილხიდები, წყალსაქაჩი სადგური. დასრულდა 110 ჰექტარზე ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენის მოხსნა; სამშენებლო არეალის ნარჩენებისგან, მათ შორის, შენობა-ნაგებობებისგან და სახიფათო ნარჩენებისგან გათავისუფლება. საზღვაო აკვატორიის გასუფთავების მიზნით, ზღვის ფსკერიდან ამოღებული იქნა 550 ერთეული ტეტრაპოდი და ტერიტორია მომზადა საზღვაო სამუშაოების დასაწყებად.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი