ანაკლიის პროექტები ასტანას გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა ანაკლიის პროექტი ასტანაში, ეკონომიკურ ბიზნესფორუმზე წარადგინა.  AEF – „ასტანის ეკონომიკურ ფორუმს“ რომელიც ყაზახეთში ყოველწლიურად იმართება, წელს 8000 დელეგატამდე დაესწრება, მათ შორის მსოფლიოს ბიზნესლიდერები, წამყვანი მეცნიერები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები, ისევე როგორც მულტინაციონალური და რეგიონული კომპანიების წარმომადგენლები.

ქეთი ბოჭორიშვილმა ფორუმზე ისაუბრა სპეციალური ეკონომიკური ზონების სპეციფიკაზე,  CAREC-ის ქვეყნების ვაჭრობის გაფართოების და განვითარების შესაძლებლობაზე, და მათ ერთობლივ თანამშრომლობაზე აბრეშუმის გზის პროექტის –  „სარტყელი და გზა“ – ფარგლებში. ბოჭორიშვილმა ფორუმის დელეგატებს ასევე წარუდგინა ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტი, როგორც რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტის და „შუა დერეფნის“ სტრატეგიული წერტილი და ყაზახეთის მოკავშირე შუა დერეფანში.

„ანაკლია სითის“ დირექტორი ფორუმის ერთ-ერთი სპიკერია. წლევანდელი AEF-ის სპიკერებს შორის ასევე არიან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, „ეფლის“ თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, გაეროს მე-8 გენერალური მდივანი ბან კი-მუნი და სხვები.

AEF-ი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ბიზნესპროექტებისთვის, ქალაქ ანაკლიისა და პორტის, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების პოტენციალის წარმოსაჩენად და ახალი პარტნიორების მოსაზიდად.

 „გლობალური გამოწვევების სამიტი 2018“ – ამ სახელით ასტანის წლევანდელ ფორუმზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ეკონომიკა და სტაბილურობა, დიგიტალიზაცია და ურბანიზაცია, გლობალური უსაფრთხოება და კულტურული ცვლილებები.

ასტანის ეკონომიკური ფორუმი 2008 წელს დაარსდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან 150 ქვეყნის 50 000 დელეგატს, მათ შორის 30 ცნობილ პოლიტიკოსსა და 20 ნობელის პრემიის ლაურეატს უმასპინძლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი