რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე.
“არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ, ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ამით ისინი ცდილობენ, ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა ქვეყანა ამ აგრესიით“, – განმარტა რუსმა დეპუტატმა.
მისი მტკიცებით, თბილისს არ უნდა ჰქონდეს აფხაზებისა და ოსების ქართველებთან „გაერთიანებისთვის“ მზადყოფნის იმედი.
„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, რისი იმედიც, შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე გეგმა, რომ რაიმე ეფემერული სარგებლისთვის ამ გადაწყვეტილებას შევცვლით“, – აღნიშნა კონსტანტინ ზატულინმა.