აქცია ფოთში – ერთ-ერთმა მეთევზემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთში დღეს დილიდან მეთევზეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, რომლის გამოც პალიასტომის ტბაზე თავისუფლად გადაადგილებას და 150 მეტრზე მეტი სიგრძის ბადით თევზაობას ვერ ახერხებენ. როგორც ამბობენ, ეს მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ადგილობრივი მთავრობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე შეხვედრისას, შენობის წინ ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ფოთი-ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, თუმცა დაახლოებით, 20 წუთიანი პიკეტი პოლიციის ჩარევის შემდეგ შეწყდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილებოდა, აცხადებს, რომ მეთევზეების მოთხოვნებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანს, თუმცა რა ვადებში მოხდება პრობლემის მოგვარება, ვერ აკონკრეტებს.

აქციის მონაწილე მეთევზეები კი ითხოვენ, რომ გადაწყვტილების მიღებამდე თავისუფალი თევზაობის უფლება მიეცეთ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი