შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ორი პირი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს.
ცნობისთვის, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა შორის არის „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
პარლამენტთან აქცია შუადღიდან დაიწყო, როცა, პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
საქართველოს პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.