საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირები განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ “ქართული ოცნება” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” და “ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონებს არ გააუქმებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.
“ეს კანონი არის უმარტივესი და, სინამდვილეში, ერთადერთ რამეს ემსახურება: საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა – ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, სადაც ქალს შეუძლია მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და გადაეწეროს კაცად, – ან პირიქით. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი. მე შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი, მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად და რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი, როგორც ადამიანის რეგისტრაცია?!
არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. არ შეიძლება ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ეს არის ჯანსაღი კანონი – თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამეა ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, არ მგონია, კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს – არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის.
“ენჯეოებს” ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა ამ ქვეყანაში – ჯერ იყო 2020-2021 წლები, როდესაც მათ გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, სხვა მონაცემები და ამით საფუძველი დაუდეს პირველ რევოლუციურ მცდელობას და 2022 წელს მათ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მეორე მცდელობა. აქ უკვე ისინი უშუალოდ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას. წარმოიდგინეთ, “ენჯეოები” ითხოვდნენ საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირებას. ეს იყო რევოლუციის მეორე მცდელობა და ეს წარმოებდა უცხოური ფულით – ეს იყო ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში.
დღესაც, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება – ეს არის, მართალია სუსტი, მაგრამ მესამე მცდელობა. ასეთ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ “ენჯეოების” საქმიანობა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს “ენჯეოების” სფეროები. ეს არის უბრალოდ გაუგებარი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ “ენჯეოები” უნდა დარჩნენ ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად ჩვენს ქვეყანაში, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით,” – აცხადებს პრემიერი.