ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართა, რომელზეც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელ სულხან სალაძის განცხადებით, “მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში არასამთავრობო სექტორისთვის წარმოდგენილი ნაწილისთვის არის პრინციპულად მიუღებელი.
„როდესაც ვსაუბრობთ იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზე, შეიძლება, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყოთ. მაგალითად, სწორედ იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა. ყველა წინა პროცესი, რომელიც ამ მიმართულებით მიდიოდა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. არ არსებობს გარანტია, რომ ახლანდელი პროცესი რაიმე ფორმით იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე რომელიმე წინა იყო. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რა მოვლენებს უკავშირდებოდა მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან გადადგომა ან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი. როდესაც გასული კვირის მოვლენების ფონზე, ბატონი პრემიერი საუბრობდა, რომ ის მზად არის პროცესის ღიაობა და ჩართულობა უზრუნველყოს, ჩვენი მხრიდან არის ასეთი პირობა: მზად ვართ, კონსულტაციებში მონაწილეობა მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესის ხელმძღვანელობას განახორციელებს არა მოქმედი იუსტიციის მინისტრი, არამედ სხვა კონკრეტული პიროვნება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს,“ – განაცხადა სალაძემ.