პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სენაკში, ერთერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ,გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.
სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.