კულტურის მინისტრი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და ის უნდა დარჩეს პატიმრობაში.
“სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს ვიზუალური კონტაქტი მეტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს სასჯელი არის რამდენიმე წლიანი და რა თქმა უნდა, ის წლები, რასაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული.
ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყოველი პატიმრის პატიმრის შემთხვევაში ასეა. ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, რომ მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით”, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისათვის, საქრთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამრთალდამცავებმა პირველი ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშლობს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.