არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით – კობახიძე

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური სიმშვიდის დარღვევას და ეკონომიკის დაზიანებას ცეილობდა.

“ჩვენი მონაცემების მიხედვით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყველა კვლევაში 50%-ზე მეტი გვქონდა, 55%-ზე მეტი იყო უმეტეს შემთხვევაში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის 20%, ან ნაკლები. დღევანდელი მონაცემებით, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნოდ რეიტინგი კიდე უფრო გაიზარდოს. დღევანდელი მონაცემებით, არა მხოლოდ უმრავლესობას ვიღებთ პარლამენტში, არამედ შეგვიძლია, 100 მანდატზე გვქონდეს პრეტენზია. მთელი ამ დროის განმავლობაში, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ომის პარტია ორიენტირებული იყო მშვიდობის დარღვევაზე, ეკონომიკა დაეზიანებინათ, რა თქმა უნდა, საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ომის პარტიას“, – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების სტაბილურად განვითარებისთვის.

“გახსოვთ, გასულ წელს გავეცით დაპირება, რომ თუ გასული წლის დეკემბერში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ბოლომდე, დავწევდით ბარიერს. ლოგიკა იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გასულ წელს, შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს. ასეთ პირობებში, ლოგიკური იქნებოდა შედარებით დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება. ეს იყო კონკრეტული გზავნილი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. შევთავაზეთ, არ დაებლოკათ გასულ წელს სტატუსი და დავწევდით ბარიერს, მათ სხვა გზა არჩიეს. ისევ დაბლოკეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება დეკემბერში, გააღვივეს პოლარიზაცია, ერთი წელი აძახებინეს რადიკალურ ოპოზიციას, რომ რუსული ძალა ვიყავით, არ გვინდოდა კანდიდატის სტატუსის მიღება. შეეძლოთ, არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ჩვენ დავწევდით ბარიერს, თუმცა წავიდნენ ვა-ბანკზე, რევოლუციის მოწყობა სცადეს. არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერით“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი