ძალადობრივი ქმედების მოწოდებისა და სამართალდამცავებზე თავდასხმის ფაქტზე, დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე დავით კეკენაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებული გირაოს, 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო არ დააკმაყოფილა.
30 ნოემბერს, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც სამართალდამცავებს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა და მოქალაქეებს მოუწოდა ფიზიკურად გასწორებოდნენ მათ. 2 დეკემბერს შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, საგამოძიებო უწყების გადაცემის დროს ვაშაყმაძე პოლიციელებს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მათ.
ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2021 წლის 25 იანვარს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.