უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.
გათავისუფლებული 144-დან “აზოვსტალის” 95 დამცველია. მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედროა.
მედიის ცნობით, გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 49 სამხედრო მოსამსახურე, საზღვაო ძალების – 30 სამხედრო; შეიარაღებული ძალების – 28 მოსამსახურე; სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის – 17 მოსამსახურე; ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 სამხედრო; და ეროვნული პოლიციის 1 თანამშრომელი.
გათავისუფლებულებიდან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, უმცროსი 19 წლის.
გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიყენებული ჭრილობები, უმეტესობას არ აქვს კიდურები. ყველა მათგანს შესაბამის გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
ცნობისთვის, ქალაქ მარიუპოლში, მეტალურგიულ ქარხანა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე განლაგებული “აზოვის” მებრძოლები 80-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ, რუს ოკუპანტებს ჩაბარდნენ. ისინი ტყვეობაში თვეზე მეტია იმყოფებიან. მთლიანობაში, რუსეთის ტყვეობაში, სულ მცირე, 1000 ჯარისკაცია, აზოვსტალში მებრძოლების ჩათვლით.