ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა.
„ვფიქრობ, ოპოზიციის რადიკალური ფრთა კონტრუქციული ოპოზიციისგან უნდა გავმიჯნოთ. კონსტრუქციულ ნაწილთან დიალოგზე არასდროს გვითქვამს უარი, ჩვენ დიალოგისთვის ვართ მზად ყოველგვარი პირობების გარეშე. დიალოგისთვის მზად ვართ, ყველა იმ კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციასთან, ვისაც სურს, რომ ამ მძევლობიდან და ძალადობიდან გამოეყოს და მოხდეს მათი დისტანცირება იმ დესტრუქციული პოლიტიკისგან, რომელიც პირდაპირ სააკაშვილისა და მისი დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ნიკა მელაის ვგულისხმობ, რომელიც რა თქმა უნდა, კრიმინალია, იმიტომ რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად. ეს ყველას ავიწყდება. ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ყველას შევახსენებ, ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ როგორი თავმჯდომარეა. „ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი, სხვა ლიდერი „ნაცმოძრაობაში“ არ არსებობს. მელია, ვაშაძე… არიან ყოველთვის დროებითი ფორმალური სახეები. ნახეთ, მელიასთან მიმართებით მათი გათვლით, როგორი „ჭკვიანური“ სვლა გააკეთეს. გვეუბნებიან, რომ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას ვგულისხმობ, თურმე არ უნდა შევეხოთ მელიას. ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი! ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! კანონი აღსრულდება როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ ამის გაკეთება მოუწევთ ძალიან მალე!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.