როგორც ცნობილია, “Newsportal.ge”-ს ხობის მერიის თანამშრომლებმა ისრაელის საზღვარზე გაჩერების და გაუსაძლისი პირობების შესახებ აცნობეს, რის შემდეგაც სააგენტო საგარეო საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ ეს ადამიანები აეროპორტში, საემგირაციო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები, სადაც ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის იგივე პირობებია, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამის შემდეგ “Newsportal.ge”-მ კიდევ ერთხელ შეძლო დაკავშირებოდა საზღვარზე ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომელთაგან კავშირზე გამოსვლა ისევ მხოლოდ ერთ-ერთმა შეძლო. მან ითხოვა, რომ მისი და დანარჩენების ვინაობის გამხელისგან კვლავ შეგვეკავებინა თავი (თუმცა სააგენტოსთვის ცნობილია ოთხივე მათგანის ვინაობა) და მოგვიყვა, თუ როგორ პირობებში უწევთ ყოფნა.
ხობის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი განმარტავს, რომ ყველა მათგანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
“არანაირი აეროპორტის ტერიტორია, დალუქული, გისოსებიანი მანქანით წაგვიყვანეს, ციხეა, ჩვეულებრივი ციხე გისოსებით. ვუთხარით, ასე რატომ ექცევით ქართველებს, ისინი ხომ ამდენი წელი თქვენს გვერდით იყვნენთქო და იცით რა გვითხრეს? გვკიდია ქართველებიო… საშინელი საკვები შემოიტანეს, სიბინძურეა, საღორე, ბავშვების ტირილი, მოთქმა გვესმის, ქართველების საშინელი დამცირება, მომხედავი არავინაა, სტრესში ვართ, გაუსაძლისია აქაურობა. ძაღლებივით გვექცევიან ყველას, ამ დრომდე არავის მოუწვდენია ხმა. ჯერ არ გაგვიგია, რომ დიპლომატიური სამსახური ჩაერთო ამ ამბავში”, – აცხადებს სააგენტოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი.