ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსება უქმდება

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღეს.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა. ასევე კენჭი უყარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს.

პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის თქმით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.

საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ბარიერგადალახულ პარტიას ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვა აღარ დასჭირდება.

„დაფინანსების შეჩერებისთვის განსაზღვრული იყო ერთწლიანი ვადა, რომელიც ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება ანუ პარტიებს დაფინანსება ერთი წლის ნაცვლად, ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასევე პროექტის პირვანდელი რედაქციის მიხედვით, პარტიებს დაფინანსება დეკემბერში გაცდენების გამოც უჩერდებოდა. ახლა დეკემბერი აღარ ითვლება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს დარჩებათ მთელი სესია, ივნისის ბოლომდე პერიოდი და თუ ივნისის ბოლომდე გადაწყვეტენ, საბოტაჟზე უარი თქვან, ამ შემთხვევაში მათ დაფინანსება მთლიანად შეუნარჩუნდებათ და მთელი შემდეგი პერიოდისთვის არაფერი მოაკლდებათ. თუკი კვლავაც საბოტაჟის რეჟიმს გაყვებიან, მათ დაფინანსება შემდეგი ექვსი თვით შეუჩერდებათ. ასე გაგრძელდება ყოველი ექვსი თვე. როგორც კი საბოტაჟის რეჟიმიდან გამოვლენ, დაფინანსება მაშინვე აღუდგებათ. თუკი სადეპუტატო უფლებამოსილება პარტიის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტს შეუწყდება, ამ შემთხვევაში დაფინანსება მთლიანად შეწყდება, თუმცა ეს მეორე საკითხია და აქაც გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ სათანადო ზომები მივიღოთ“, – განმარტა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი