ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებისთვის ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს:
„ამ დღისთვის მოქალაქეებმა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია, თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.
გასათვალისწინებელია ასევე გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შესაძლოა ჩაითვალოს როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად. შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ძალა.
აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებში შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.
მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას პოლიციის უახლოეს განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულებისა და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.