10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 – ამომრჩეველი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განცხადა.
ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 10:00 სთ-ის მდგომარეობთ შეადგინა 215 294 ამომრჩეველი, რაც პროცენტულად 6.14 %-ი იყო”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, კომისიის პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრების შესახებ და განაცხადა, რომ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი.
მისივე განცხადებით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით.
„შევახსენებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი მონაცემების ფოტოვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. ამდენად, მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება,“ – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.
მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დღეს უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი.
ანა მიქელაძემ მედიას პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია:
„გავრცელდა ინფორმაცია თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი. ჩვენ გადავამოწმეთ მონაცემი. სინამდვილეში, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გარდაბნის #8 საარჩევნო უბანზე – კომისიის წევრებმა ოქმში წინასწარ მიუთითეს სახელები და გვარები და მოაწერეს ხელი. დაწერილია საჩივარი. გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ეს ოქმი ამოღებულია უბნიდან, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის #29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს“ – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.