“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, დღეს სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
„სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს. დღეს რომ პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ, ეს სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩანს. მაგრამ პოლიტიკოსები ბევრი საქმით არიან დაკავებულები და ყველაფერი არ ჩანს. სამაგიეროდ, შედეგებს ვხედავთ, მათ შორის სანქციების, არაღიარების და ა.შ. სახით. თუმცა საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის, რაც არსებობს და რაც კიდევ იქნება მიღებული, სახალხო პროტესტია, რადგან ძალაუფლება ხალხისაა და მას ეს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს. ხალხი ამ ძალაუფლებას იბრუნებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ აუცილებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ან ამის მხარდაჭერა ჩვენი, როგორც მოქალაქეების მხრიდან, საკმარისია. ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია.
ჩემთვის ერთი რამ ნათელია და ჩემი პირადი პოზიციაა – პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამაზე ვხედავ რეაქციას„ქართული ოცნების“, რომელიც აცხადებს, რომ ამის გამო ყველას დაიჭერს. „ქართული ოცნების“ რეაქციები ცხადყოფს, რისი ეშინიათ მათ რეალურად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.