ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესის, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში შიმშილობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი