მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გამართული საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდა. ადგილობრივები მერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ლახამულას თემის მოსახლეობა გამგებლისგან კონკრეტულ თარიღს ითხოვს, თუ როდის დაიწყება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თარიღის დასახელება ნაადრევია, რადგან მისი თქმით, უნდა მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებები.
დღეს, აქციის მონაწილეებმა ჭუბერი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მსვლეობისას, სამართალდამცავებმა ჭუბერის საკრებულოს წევრი ზაზა ვიბლიანი დააკავეს, რომელიც მალევე გაათავისუფლეს.
აქცია ჭუბერში გრძელდება. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.