დღეს ჩვენ აქ რეალურად ვეუბნებით უარს ძალაუფლების მიმტაცებელს გარიგებასა და თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან განაცხადა, სადაც ოპოზიცია დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტებს აწერს ხელს.
ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის პოზიციაა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს არ უფორმებენ.
„ჩვენს უკან დგას ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს წარმოადგენენ. ის არაა ერთპარტიული პარლამენტი, ის ჯერჯერობით ერთი კაცის პარლამენტს წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი ვერ გასტანს ეს მდგომარეობა. ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს“,-აღნიშნა მან.