„არა ნაცებს!“, „არა ძალადობას!“, „ვინ იღებს პასუხისმგებლობას 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე“, „უნდა გვეკითხა, რატომ გსურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, – ამ ლოზუნგებით, ზუგდიდში ახალგაზრდებმა, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წინ აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ „გუშინ, ენმ-ს წევრების მიერ ახალგაზრდებზე თავდასხმა“ გააპროტესტეს. მათივე, თქმით, წუხელ ოპოზიციის წევრებმა ონლაინ მედია „მეველეს“ ჟურნალისტებს სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს, რის გამოც მათ არ მიეცათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
ტრანსფარანტებთან ერთად, აქციის მონაწილეებს თან ქონდათ “წითელი ბარათები”, როგორც ახალგაზრდები განმარტავენ, ისინი ამ ფორმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მათ “ძალადობრივ რეჟიმს” საბოლოოდ ეუბნებიან “არას”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და ონლაინ მედია „მეველე“-ს ჟურნალისტებს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ისინი შტაბთან ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ჩასაწერად მივიდნენ, რა დროსაც გაერთიანებულინ ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე მათთან მივიდა, მანქანას გადაეღობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თავის მხრივ ანი წითლიძე აცხადებს, რომ მათ ოფისს, სამი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, ფოტოებს უღებდა, რაც მისივე თქმით, კანონდარღვევაა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა წუხელვე, დაკითხეს ჟურნალისტები. ასევე დაკითხვაზეა დაბარებული გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ანი წითლიძეც.