საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს რომ წინა ხელისუფლება ყოფილიყო, არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.
“რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ. მინდა „საქსტატის“ მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, დასაქმებულთა რაოდენობა ყველა კვარტალში გაიზარდა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ“, – განაცხადა პრემიერმა.