ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს არის საშუალება, რომ სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი.
დავით სერგეენკოს თქმით, რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს.
„რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. ეს გამოიხატება ორი მიმართულებით: პირველი – განახლება მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტს, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტებს აუნაზღაურებს სახელმწიფო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისების არიალი: 2012 წელს 41% იყო , 2015 წელს – 95% , შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი: 2012 წელს – 65% იყო, 2014- 57%.
ღონისძიებას სახელწოდებით – „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება”, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება დაესწრო.