ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს – ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს. პარტნიორი შეიძლება, იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი, კომპანია, რომელიც კომპლექსურ ეკოსისტემას ანაკლიის პორტის გარშემო ჩვენთან ერთად განავითარებს, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პორტი არ არის მხოლოდ ნავმისადგომი, სადაც გემი ჩამოიცლება. მისი თქმით, პორტთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ანაკლიაში თანმიმდევრულად განვითარდება.
„ჩვენ შარშან დავიწყეთ აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დღეს მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა და გვაქვს სრული წინაპირობა, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ. ყველა იურიდიული პროცესი, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული, დასრულების ფაზაზეა,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, პორტმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა განვითარდეს ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
„ანაკლიაში პორტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, რომ ის ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა, რაც ჩვენ გვაქვს, მალე აღმოვფხვრათ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენს დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.