ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება.
“პროცესი საკმაოდ კომპლექსური არის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ასევე სამშენებლო სამუშაოების კუთხით. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით ვეკიდებით პროცესს. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტთან გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები კონსულტანტის ჩართულობით. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომელსაც ისევ ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. როდესაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, დაზუსტდება შესაბამისობა.
ჩვენ ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება და საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.