დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში მოხალისეები, კარდაკარის პრინციპით, დევნილ მოსახლეობაში, საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ. სააგენტომ უკვე გამოაცხადა მოხალისეთა კონკურსი. განაცხადების მიღება 23 ივლისამდე გაგრძელდება.
სააგენტო სულ 72 მოხალისეს აიყვანს. შერჩეულ მოხალისეებს სააგენტო ჩაუტარებს ტრენინგს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული პროგრამების შესახებ. მოხალისეები, განსაზღვრულ მისამართებზე, ერთი კვირის მანძილზე გაავრცელებენ ინფორმაციას. მოხალისეთა მუშაობა ანაზღაურდება. დაინტერესების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ განაცხადის ფორმა იხილონ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოხალისეები 8 000 – მდე დევნილ ოჯახს პირადად შეხვდებიან და გააცნობენ საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს. კამპანია ტარდება: სამერელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
უკვე მეორე წელია, აღნიშნული საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.