საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სოფლად სახლს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით, კიდევ 44 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.
სახლების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს სახლებს სამეგრელოს, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შეუძენენ.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. სოფლად სახლის შესყიდვის მოთხოვნით, განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დრომდე, სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სოფლად სახლი უკვე 1700-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა.