ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა, რის შედეგადაც, 170 000-მდე მსესხებელს სესხი ავტომატურად გაეზრდება. პროცენტი გაეზრდებათ მათ, ვისი სესხიც არის აღებული ლარში და, ხელშეკრულების მიხედვით, მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასევე, გაიზრდება საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გასაცემ სესხებზეც.
სებ-ის ინფორმაციით, 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლადი საპროცენტო განაკვეთით სწორედ 169,7 ათასი სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული. ასეთი სესხების საერთო მოცულობა 8,39 მილიარდი ლარია.
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდით ეროვნული ბანკი ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას პასუხობს. როგორც ცნობილია, ნოემბერში ფასების საერთო დონის წლიური ზრდა 12,5% იყო.
ეროვნული ბანკის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საგარეო ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. სებ-ი ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირებას 2022 წლის გაზაფხულიდან ელოდება.