გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს დღეიდან შეეძლებათ, ამის შესახებ “newsportal.ge”-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. სააპელაციო განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად – ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.gov.ge. მსურველებს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივრონ როგორც კონკრეტული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. მათივე ინფორმაციით, აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და 11 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.
სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე აბიტურიენტებს კიდევ შეუძლიათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამები თუ უმაღლესი სასწავლებლები.
”პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას აძლევს. ცენტრი თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, 11 აგვისტოს, 18:00 საათის შემდეგ, ეს პროცესი შეწყდება. ყველა ცვლილების დადასტურება ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მოხდეს”,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.