პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
“მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა.
დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ელჩებს მიმართა.
“მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.