დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს. მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღნიშნავენ.
ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.
სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, აღდგომიდან მე-40 დღეს კი ქრისტემ თავისი მოწაფეები ბეთანიის ელეონის მთაზე მიიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. კურთხევისას, მაცხოვარი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება დაიწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.