დღეს საქართველოში გლოვის დღეა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველების და ექიმების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და საზოგადოებას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი