დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პირველი პირის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე. მისი თქმით, ამ აგრესიას შეუძლებელია ჰქონდეს სამხედრო ახსნა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის გათავისუფლებას, მაგრამ დონბასზე ოკუპანტები ცდილობენ, უფრო მეტად გაზარდონ ზეწოლა. იქ არის ჯოჯოხეთი, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. სასტიკი და სრულიად უაზრო გახლდათ სევეროდონეცკის დაბომბვა. იქ ერთ დღეში დაიღუპა 12 ადამიანი, ათობით დაიჭრა. გრძელდება ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა საავიაციო და სარაკეტო დარტყმებით. ეს არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. ეს არის გააზრებული მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და დაანგრიონ, რაც შეიძლება მეტი სახლი, საწარმო. ეს არის ის, რასაც მიენიჭება უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია და ამის გამო ოკუპანტები წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

უკრაინაში რუსი სამხედრო დამნაშავის წინააღმდეგ პირველი სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო და ეს დასრულდება საერთაშორისო ტრიბუნალის ფარგლებში სამართლიანობის სრული აღდგენით. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ ყველას, ვინც გასცემს და ახორციელებს დანაშაულებრივ ბრძანებებს.

თავისუფლებისთვის ომში რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რადგან უკრაინის დაცვა ნიშნავს პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი