დღეს ვლაქერნობაა

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს – ვლაქერნობას აღნიშნავს.დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება, ემთხვიონ სიწმინდეს.

ამ დღის აღსანიშნავად მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან.

ღვთისმშობლის კვართის საქართველოში ჩამოტანის ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად კვართი საქართველოში მერვე საუკუეში ბიზანტიიდან ჩამოიტანეს, მეორე ვერსიაც ბიზანტიას უკავშირდება, მაგრამ მოქმედება ოდნავ მოგვიანებით 15-ე საუკუნეში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ვითარდება. ისტორიული წყაროების თანახმად კვართი თავდაპირველად ბიჭვინთაში, შემდეგ კი ილორის და ბედიის მონატერებში იდებდა ბინას, საიდანაც მარტვილში ჩაიტანეს, კვართი გარკვეული პერიოდი ხობის მონასტერში ბრძანდებოდა. ზუგდიდში ის ისტორიული წყაროების თანახმად 1830 წელს ლევან მეხუთე დადიანმა ჩამოიტანა.

ღვთისმშობლის კვართი ხელთუქმნელია, მას ნაკერი არ აქვს, ის ოდესღაც მოჩითული ყოფილა. აქვს მხოლოდ სატუჩე და არა საყელო, გადმოცემის თანახმად მას ღვთისმშობელი იხვევდა როგორც კომანოს და აღავლენდა ღვთისმსახურებას ბერძნული ეკლესიისთვის.

კვართი ზუგდიდის ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში ინახება, მისი მცველი მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაიაა.

ვლაქერნობის დღესასწაულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ესწრებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი