“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში ედიშერ თოლორაია დღეს განმუხურის მოსახლეობას შეხვდა. ყოფილი გამგებელი ადგილობრივებს იმ დარჩენილი და ჯერ კიდევ მოუგვარებელი საკითხების გადაჭრას დაჰპირდა, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“განმუხურში ჩვენმა ხელისუფლებამ მართლაც მაქსიმუმი გააკეთა. უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ დღეს მქონდა შეხვედრა იმ ხალხთან, რომლებიც 17 სექტემბრიდან უდიდესი პროექტის განხორციელებას და ხორცშესხმას იწყებენ განმუხურში. ეს არის ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა. განმუხურის მკვიდრთათვის ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ აქ, ამ პროექტებში დასაქმდებიან ისინი. თითოეული განმუხურელი ნახავს ხეირს ამ დიდი პროექტისგან და რაც მთავარია, განმუხური დაემსგავსება იმ დიდ საკურორტო ცენტრს, რომელიც მოიზიდავს უამრავ ტურისტს და, რა თქმა უნდა, ესეც სასიკეთო საქმეა”, – განაცხადა თოლორაიამ.
მისივე თქმით, მხოლოდ დაპირებებით საქმე არ კეთდება.
“მთავარია რეალურად ვაკეთოთ საქმე და არ გავცეთ ფუჭი დაპირებები. ხალხს ჩვენი იმედი აქვს, არავის ეპატიება ხალხის მოტყუება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ პარლამენტარები. ჩვენ თუ გავხდებით პარლამენტარები, სწორედ რომ ხალხის საქმე უნდა ვაკეთოთ და მათ ვემსახუროთ”, – აღნიშნა კანდიდატმა.