ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ გასულ თვეში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაცია მხოლოდ დღეს გაასაჯაროეს.

როგორც ესპანეთის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გავრცელდა.

„ეროვნული პოლიციის აგენტებმა 48 პირი დააკავეს და 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში. გამომძიებლებმა ერთდროულად 15 მისამართზე განახორციელეს რეიდი და შედეგად, გარდა საიუველირო ნაკეთობებისა, ელექტრონული მოწყობილობები, 13.000 ევრო და ბინების გატეხვის ინსტრუმენტები ამოიღეს. აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გაიხსნა, რომელიც დაკავებულების მიერ მადრიდსა და მურსიაში იყო ჩადენილი.

გამოძიება გასული წლის მარტს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი გამოავლინა, რამაც პოლიციის აგენტებს საშუალება მისცა დაეკავებინათ 48 პირი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან“, – ნათქვამია ესპანეთის ეროვნული პოლიციის საიტზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ესპანეთის პოლიცია ასევე აცნობებს მოქალაქეებს, რომ ოპერაციისას ამოღებული საიუველირო ნაკეთობები ეროვნული პოლიციის მადრიდის სამმართველოში იქნება გამოფენილი, სადაც აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლთ შეეძლებათ მოვიდნენ და ამოიცნონ თავიანთი საკუთრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი