ევროკავშირის წევრობისთვის, რეალურად, საქართველო 2030 წლისთვის იქნება მზად – კობახიძე

“ქართული ოცნები” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ზოგადი უწოდა და აღნიშნა, რომ ის უნდა დაზუსტდეს.

„რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარე. ზოგადად, კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ეს განცხადება ცოტა ზოგადი იყო და ვის შეეხება 2030 წელი, ეს არის საინტერესო. არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი მიღებული აქვთ მაგალითად 18, 12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ძირითადად აქ საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს სხვა საქმეა. როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, მომავალში დაკონკრეტდება, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ან რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე პირნათელი იქნება ევროკავშირის წინაშე, ყველანაირი საფუძველი იქნება მზად იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 50/50-ზე. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი მზად არის. ზოგადად, კონკრეტული თარიღის დასახელება ცუდი არ არის, ეს კარგია, მაგრამ დაზუსტება სჭირდება იმას, თუ ვისზე ვრცელდება ეს თარიღი. თუ მხოლოდ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც 12, 18 წლის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, თუ ეს ეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც შარშან მიიღეს კანდიდატის სტატუსი ან წელსაც უნდა მიიღონ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რეალურად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

„2030 წლისთვის ვინ იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება საქართველო სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის წმინდა პოლიტიკური განზომილება, ასევე ეკონომიკური განზომილება. 2030 წელს თუ ვინმეს ექნება წევრობის სტატუსის მიღების პერსპექტივა, ეს საქართველო იქნება, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა გვჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი